გურამ მაჭარაშვილი: შეურაცხმყოფელია, როცა საუბარია „მაგნიტსკის სიისა“ და სააკაშვილის საქმის დაკავშირებაზე
აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა „მაგნიტსკის სიასა“ და პატიმარ სააკაშვილს მდგომარეობას შორის, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამ სიაზე საუბარი იმდენად გააუფასურა, რომ ინტერესი აღარავის აქვს.
„აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა „მაგნიტსკის სიასა“ და პატიმარ სააკაშვილს მდგომარეობას შორის. მაგნიტსკის შემთხვევაში მართლაც იყო პატიმრის უფლებების დარღვევა, სააკაშვილი კი არათუ საპატიმროში იმყოფება, არამედ საავადმყოფოში, ლუქს პალატაში, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ყოველდღე ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს და შემდეგ ცარიელ ბოთლებს ექთნებს ესვრის. მინიმუმ, შეურაცხმყოფელია, როცა საუბარია „მაგნიტსკის სიისა“ და სააკაშვილის საქმის დაკავშირებაზე. სიაზე საუბარი იმდენად გააუფასურეს, რომ ინტერესი არავის აქვს, მასში ვის ჩაწერენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.