“ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსთავი ორის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე.
რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო.
ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.
რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება.
მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს”, – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ პარაზიტებს უწოდებს.