პერუს ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი მოზარდია.
ამის შესახებ Reuters რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ასევე დაშავებული და ჰოსპიტალიზებულია, სულ მცირე 38 პირი.
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე ახალი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები.
კასტილიო 18-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი ამბოხში მას შემდეგ დასდეს, რაც მან კონგრესის უკანონოდ დათხოვნა სცადა.
პერუში საპროტესტო აქციები დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, ამ ხნის განმავლობაში სულ 34 ადამიანია დაღუპული.