სარჯველაძე: თუ ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო, რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს

სალომე ზურაბიშვილს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია იმ ადამიანებთან ერთად, ვისზეც ახლა კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. თუ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს რა პოზიციაზე იდგა, შეეძლო ეს გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, ვინც მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე “მორალს უკითხავენ“, 2007 წლის მერე იყვნენ მიშას შტაბში, “ქართუ ბანკში” ან სხვა მაღალ თანამდებობებზე.

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება და ის საკუთარი სიტყვების მიმართ პრინციპულად უნდა იყოს გამსჭვალული.

“არ არის აუცილებელი იმის ახსნა და განმარტება, აქციაზე ია მეტრეველი თუ სხვები ვიღაცის დაძახებით მივიდნენ თუ არა და უნდა გამოხატონ თუ არა პრეტენზია და მოთხოვნა, რაც მათ გააჩნიათ. არ მგონია, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები თუ სხვები ასეთ შეფასებას იმსახურებენ. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ის ხალხია ვისთან ერთადაც იბრძოდა და სამწუხაროდ, იგივე ადამიანებს უპატივცემულოდ შეხვდა – შეურაცხმყოფელია მათზე იმის თქმა, თითქოს ვიღაცის დაძახილით დადიან! ეს ის ხალხი არ არის, ვინც ასეთ შეფასებასა და განცხადებას იმსახურებს.

ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ, რისი უფლებაც მათ აქვთ, ისევე როგორც განსხვავებული შეხედულებების მქონე ნებისმიერ სხვა ადამიანს. პრობლემურად მეჩვენება, როცა პრეზიდენტი ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს – ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები