დიმიტრი ხუნდაძე: შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის შემდგარი სახელმწიფო და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი აქვს
“შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის შემდგარი სახელმწიფო და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი აქვს, ეს არ არის მეორადი ქვეყანა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში რომ ევროპული ღირებულებების კრიზისია, ამას ევროპაშიც ადასტურებენ.
„ევროკომისიის და ევროსაბჭოს გაუგებარი, თუმცა გასაგები მდუმარება, გარკვეულწილად გზას უხსნის იმ უსამართლო რეზოლუციებს, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. ამ მდუმარებით მათ დაადასტურეს, რომ ეს არის შანტაჟის მექანიზმი და ამიტომ შუა გზაში გაჩერებული ასეთი რეზოლუცია გახდა ბანკისთვის ანგარიშგასაწევი და ახლაც ორმაგ სტანდარტს ვხვდებით. ერთ შემთხვევაში რეზოლუცია გამოიყენა, რომ გადარიცხვა არ გააკეთოს. მეორე შემთხვევაში რეზოლუცია გამოიყენა, სასამართლო გადაწყვეტილებაც თან დაურთო და ტრანზაქცია განახორციელა. ევროპარლამენტში რომ ევროპული ღირებულებების კრიზისია, ამას ევროპაშიც ადასტურებენ. ევროკავშირის ორი წევრი – პოლონეთი და უნგრეთი ლაპარაკობენ უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, და ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ევროპარლამენტი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს და მისი სუვერენიტეტიც კი კითხვის ქვეშ დადგა. ამაზე უკვე დასავლეთშიც საუბრობენ და კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის შემდგარი სახელმწიფო და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი აქვს, ეს არ არის მეორადი ქვეყანა“, – აცხადებს ხუნდაძე.