სალომე ზურაბიშვილი: მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად

მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ არ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მხრიდან ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან თქვა, ადამიანები, რომლებიც ახლა მორალს უკითხავენ, მაშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

“ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული,„ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით – ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.

მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია. აქციაზე მაქვს ლაპარაკი, როცა ვამბობ “მოვარდნა” და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს კიდევ მოვლენ აქ.

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული. პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით, იქნება რევოლუცია და ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, აბა ხომ არა ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ – იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია, მანამდეც ამაში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ამაში ორივეს აწყობს, ერთ მხარეს ალბათ, იმიტომ რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს – იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას.

მე ამაში არ ვიცი რა შუაში ვარ. ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია, არცერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება.

მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ არ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს. ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მხრიდან ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები