გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამ დროისთვის უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წელს უკვე, სამწუხაროდ, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. რა თქმა უნდა, ჩამორთმევა და ავტომანქანის დროებით სადგომზე გადაყვანა მოხდა. სასამართლო განიხილავს და სამართალდამრღვევს ჯარიმა დაეკისრება. ფაქტები სამეგრელო- ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
სტატისტიკა შემცირებულია პრევენციული ღონისძიებების გამო. პრევენციას ატარებს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, არამედ არამედ მართვის ორგანოებიც თავიანთ საკონტროლო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყოველწლიურად ძალების მობილიზებას ახდენს.ვფაქტობრივად, ეს წიწვოვანების მოპოვებისთვის ცხელი პერიოდია. ვისურვებდი, სამომავლოდ ეს ასე არ იყოს. უწყვეტი პატრულირება გარკვეულად შემაკავებელია. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფაქტები შემცირებულია” – განაცხადა მაია ჩხობაძემ.
უწყების ცნობით, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულია.
“წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან, ან იმპორტის შემთხვევაში. რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა” – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.