ხოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
სოფელ ხაშმში, მწერალ – რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში, მისი დაბადებიდან 96 წლის საიუბილეოდ, მისივე სახელობის ახლად რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელიც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს.
გახსნის ცერემონიას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, კულტურის ობიექტების გაერთიანების, საგარეჯოს რესურსცენტრის, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რევაზ ინანიშვილის ოჯახის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის რესტავრირებული ინვენტარით აღჭურვა.
საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარე – თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, პოეტი და ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამაარსებელი თამარ შაიშმელაშვილი.
მათ ისაუბრეს რევაზ ინანიშვილის პიროვნებისა და შემოქმედების ღვაწლზე. კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა საბავშვო თეატრი (ხელმძღვანელი ნათელა დიღმელაშვილი), პატარა მსახიობებმა რეზო ინანიშვილის მოთხრობიდან „დედაბოძი“ – მონოსპექტაკლი წარმოადგინეს. ასევე მონაწილეობდნენ სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები მწერლის უკვდავი მოთხრობებიდან.
ღონისძიებას მუსიკალურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის – გუნდის ხელმძღვანელები: ბექა და გუგა ღვინაშვილები, გიგა მექერიშვილი და ვასო ნემსაძე აფორმებდნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ალადაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალილიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ – ალექსი გილაშვილმა.
ტრადიციად ქცეული, რევაზ ინანიშვილის დღის აღნიშვნა, სახალხო დღესასწაული „რეზოობა“ მწერლის მშობლიურ სოფელში, ხაშმში, 2016 წლის 10 ივნისს დაწესდა, რომელიც უკვე მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში ყოველ წელს გაიმართება.