„ლარის გაუფასურების ტრენდს არ უნდა ველოდოთ, კურსმა, შეიძლება, დაიწიოს კიდეც“ – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მომდევნო პერიოდში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არაა. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„უნდა აღვნიშნო, რომ ცალკეული შეფასებები არასწორი კუთხითაა, რომ ლარმა გამყარების პიკს მაიღწია და ახლა გაუფასურდება. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ლარი დღეს საკმაოდ კარგ მაჩვენებელზეა, ესაა 2,65 – 2,70-ის ფარგლები. ეს მაჩვენებლი მოსალოდნელიც იყო იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს. ესაა გაზრდილი სავალუტო შემოსავლები, ანუ გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო ბალანსი, აქ იგულისხმება ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები, ექსპორტის მაჩვენებლი და დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ წელს ვნახავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო წლებში სარეკორდო დონეზე გვექნება. გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე 2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მივიღეთ.

ამას გარდა, სავალუტო კურსზე ასევე პოზიტიურად ის დინამიკა აისახება, რომელიც საგარეო მოწყვლადობის თვალსაზრისით გვაქვს. საგარეო ვალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ანუ საგარეო გადახდები შემცირებულია.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული როგორც სახელმწიფო ვალი, 60 %-დან 42 %-მდე, არამედ ქვეყნის მთლიანი ვალი, აქ სახელმწიფო ვალთან ერთად კომერციული სუბიექტების ვალიც იგულისხმება, რომელიც 107 %-დან 75 %-მდეა შემცირებული. ეს საკმაოდ კარგი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებია, რაც კურსზე აისახება.

ეს პოზიტიური დინამიკა სავალუტო კურსზე ზემოქმედებს. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ტურიზმიდანაა შემოსავლები. აღარაა ის სეზონური წყვეტა, რომელიც ტურიზმს ჰქონდა, როცა სექტემბრის ბოლოს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანდ მცირდებოდა. ეს სავალუტო კურსზე ნეგატიურად აისახებოდა ხოლმე. ფაქტობრივად, დღეს უკვე 4-სეზონიანი ტურიზმი გვაქვს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ტურიზმი. ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი და აქ სოლიდურ დაფინანსებაზეა საუბარი, ამ თვალსაზრისითაც მთლიანად გამართლებულია.

სავალუტო კურსის გაუფასურების ტრენდს არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, დეკემბერ-იანვარში, როცა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა ისედაც შემცირებულია. კურსმა, შეიძლება, კიდევაც დაიწიოს, 2,65-ზე დავიდეს, ეს მაჩვენებლი კიდევაც იყო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები