ფხენიანი “ვაგნერისთვის” იარაღის მიწოდებას უარყოფს – აშშ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავს

ჩრდილოეთ კორეაში “ვაგნერისთვის” იარაღის მიწოდების შესახებ ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას “თაღლითობას” უწოდებს.

სააგენტო “რენჰაპს” უწყების წარმომადგენელმა უთხრა, რომ „იაპონური მედიის ყალბი ინფორმაცია,, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა შესთავაზა, არის აბსურდული ჭორი, რომელიც არ იმსახურებს რაიმე კომენტარს ან განმარტებას“.

მისივე თქმით, რუსეთს საკმარისი სამხედრო რესურსი აქვს.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ რუსი ხალხი არის ყველაზე მამაცი ხალხი, რომელსაც აქვს ნება და უნარი, დაიცვას თავისი ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, ყოველგვარი სამხედრო მხარდაჭერის გარეშე“, – განაცხადა დიპლომატმა.

“ვაგნერისთვის” გადაცემული იარაღის საკითხს აშშ გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის რეზოლუციის დარღვევა.

”აშშ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა იარაღის პირველადი მიწოდება, რუსული კერძო სამხედრო კომპანიისთვის, რომელიც ცნობილია როგორც “ვაგნერი”. გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა ყუმბარმტყორცნები და რაკეტები. ჩვენი შეფასებით, “ვაგნერისთვის” იარაღის მიწოდების მოცულობა უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის, მაგრამ ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს “ვაგნერისთვის” სამხედრო მიწოდების გაგრძელებას”,- ნათქვამია გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებაში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან, ისევე როგორც ირანიდან იარაღის შეძენა არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა და აპირებს ამ საკითხის დაყენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები