რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთის სეიმის რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული – ანტირუსული ისტერიკაა.
“რაც შეეხება სეიმის გადაწყვეტილებას, ასეთი ანტირუსული ისტერიკა გრძელდება. ასეთი მიდგომა გვაქვს”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი შინაარსის კითხვის კომენტირებისას.
პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და უამრავ სხვა ვალდებულებას“, „თავს ესხმის სხვა სახელმწიფოებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს“ და „ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში“, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.
გარდა ამისა, პოლონეთის სეიმმა რუსეთი გამოაცხადა „პირდაპირ პასუხისმგებელ ქვეყნად, 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე”.