მაია ბითაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და გარემოს დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მაია ბითაძემ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„ელჩს გავაცანი კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც ეხება ნარჩენების მართვას, სატყეო მეურნეობას, დაცული ტერიტორიების განვითარებას და ქალაქებში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. გერმანია, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მუდმივად უჭერდა და ახლაც უჭერს მხარს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა მაია ბითაძემ.