ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების პირობები ამჟამად არ არსებობს“, ამიტომ, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გააგრძელონ.
ამის შესახებ Financial Times-ი წერს. წყაროს ცნობით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე ზამთრის სეზონზე ძალების გადაჯგუფებას და გადაიარაღებას შეეცდება.
”დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ამჟამად პირობები არ არსებობს”, – თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთი ომის მშვიდობიანი დასრულების სურვილს არ ავლენს.
„რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო აქტუალურია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობა“, – განმარტა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „გაზაფხულზე უფრო ფართო შეტევის დაწყებამდე“ კონფლიქტის “გაყინვას” ცდილობს.
„ახლა უკრაინას აქვს იმპულსი“, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო-ს ქვეყნების დედაქალაქებში „მუდმივად განიხილავენ, თუ რა სისტემების მიწოდება სურთ კიევისთვის”.