შალვა პაპუაშვილი ევროჯასტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თანამშრომლობის სააგენტოს – ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების რეფორმასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე. მხარეებმა საქართველოსა და ევროჯასტს შორის დინამიკური თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს. ლადისლავ ჰამრანმა აღნიშნა, რომ ევროჯასტი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში. მან ქართულ მხარეს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.