პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ინდექსაციას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. მხარი „სოციალური დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობასთან და გაანგარიშების წესთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

„შემოგვაქვს სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან მოქმედებს პენსიონერებისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ამით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება”, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ საკითხის წარდგენისას.

სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით კი ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.
მისი თქმით, სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის.
ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდის მიზნით, 2023 წლის ბიუჯეტში დამატებით უკვე გათვალისწინებულია 73 მლნ ლარი. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, პროცესი ამით არ დასრულდება და სამინისტრო, მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმ მიმართულებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც ფულადი დახმარება, ასევე შეთავაზებული სერვისები, რომლებიც წლიდან წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდება. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები