ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც ჩანს, ორივე დაჯგუფებამ ზურაბ ჭიაბერაშვილს უთხრა, რომ პარტიაში მისი ყოფნა სასურველი არ იყო, ამიტომ ამოაგდეს და მისი სურვილი გაუქმდა

როგორც ჩანს, ორივე დაჯგუფებამ ზურაბ ჭიაბერაშვილს უთხრა, რომ პარტიაში მისი ყოფნა სასურველი არ იყო, ამიტომ ამოაგდეს და მისი სურვილი გაუქმდა. ფაქტობრივად პარტიაში ორი ძირითადი დაჯგუფებაა – მერაბიშვილ -კეზერაშვილის და მელია და მის გარშემო შეკრებილი ხალხის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. 

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ არავის ეკითხება აზრს და დაჯგუფებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

„როგორც ვხედავთ, პარტიის დიდი ნაწილი დაბნეულია. ვინც  უნდა გაიმარჯვოს, საბოლოოდ, ყველაფერი თავად პარტიისთვის იქნება დამაზიანებელი. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესისთვის კარგია, რადგან მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში გენერირებს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყნის შიდა და გარე ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. ამით პოლიტიკურ პროცესს მეტი გასაქანი მიეცემა, მათ შორის, ოპოზიციას საშუალება ექნება, ორიენტირებული იყოს არა საბოტაჟსა და დესტრუქციაზე, არამედ – უკეთესს შეთავაზებაზე, კრიტიკაზე, რაც დემოკრატიულ ქვეყნებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. დღეს კი ჭიაბერაშვილმა  აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები