ზურაბ ჭიაბერაშვილი: დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას.
მისი შეფასებით, “ნაცმოძრაობაში” “წარმოუდგენელი მდგომარეობაა”.
„მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ კენჭს ვიყრი. როდესაც ვუყურებდი ამ მდგომარეობას, დავინახე, რომ ეს უფრო ემსგავსებოდა რაღაც შიდაპარტიულ კინკლაობას, ვიდრე სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობას. ჩემი წუხილი უკავშირდება იმას, რომ დღეს, ამ მომენტამდეც, ისიც კი, აქცია გაიმართოს თუ არა სააკაშვილთან დაკავშირებით, „ ფეისბუქში“ ირჩევა, წარმოუდგენელი მდგომარეობაა. არანაირ თანამდებობებზე პრეტენზია არ მაქვს. მაქვს ჩემი სამსახური აკადემიურ სფეროში. მთავარია, გვაწუხებს და გვტკივა თუ არა დღევანდელი მდგომარეობა. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? ვინმეს ეს წარმოუდგენია? ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ფიქრზეც კი ზოგიერთებმა ისეთი განცხადება გააკეთეს, მე შემრცხვა მათ ნაცვლად. მადლობელი ვარ ათასობით ადამიანის, რომელსაც ზუსტად ესმის. შევწყვიტე ფიქრი. არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.