ეკა ხერხეულიძე: დარწმუნებული ვარ, ემოციების ფონზე გაკეთდა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან განცხადება, არ ვიცი, რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს.

ხერხეულიძე თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა, რომელიც 3 დეკემბერს, 15:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან გაიმართება.

“მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკისგან დისტანცირება და აუცილებელია, ყველა, ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობას და სამკურნალოდ გადაყვანას.

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი.

ყველგან მივალთ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ, მაგრამ ახლა ვითარება სტანდარტული არ გახლავთ. ვგულშემატკივრობ სააკაშვილის გადარჩენას, ყველაფერს გავაკეთებ, როგორც თავად მიაჩნია საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სწორი ქმედება.

დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ, იმ ემოციებისა და წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები