დავით მათიკაშვილი: მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში, არ ახსოვს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მათიკაშვილის შეფასებით, განვითარება და პროგრესი ყველა სფეროს შეეხო. მისივე თქმით, მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნებით, 2027 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის შიდა პროდუქტი 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2030 წლისათვის 15 000 აშშ დოლარს, რაც საქართველოს მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაიყვანს.

„განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტურიზმის სფეროთი დასრულებული, რაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფლაგმანს წარმოადგენს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არნახული წინსვლა განიცადა. გაზრდილი ბიუჯეტიდან კი სოციალური პროექტების დაფინანსებით, ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების ზრდით ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე.

2022 წელს, მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, მიმდინარეობდა 5500-მდე პროექტი, სადაც დასაქმებული იყო 25 000-მდე ადამიანი და 1200-მდე კომპანია. მიმდინარეობდა 1100 კმ-მდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 200-ზე მეტ ლოკაციაზე, ჯამურად, 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების, წყალმომარაგების და წყალარინების პროექტები განხორციელდა. მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, დასრულდა 42 სკოლის და 9 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ქვეყნის წარმატება და მისი მდგრადი ეკონომიკური განვითარება ის მოცემულობაა, რომელსაც მთელი საქართველო, სრულიად პოლიტიკური სპექტრი უნდა მიესალმებოდეს, აღიარებდეს, თანაუგრძნობდეს და მხარში ედგას ქვეყნის ხელისუფლებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები