მამუკა მდინარაძე: მოწოდებებს პატივი ვეცით და “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნეთ, თხოვნა დავამატეთ, რომ მალე გაიცეს სამართლებრივი დასკვნა

პატივი ვეცით მოწოდებებს და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნეთ, თხოვნა დავამატეთ, რომ მალე გაიცეს სამართლებრივი დასკვნა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნას თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში უკვე მიღებულ კანონს უმაღლესი შეფასება მისცა, რომლის პირდაპირი თარგმანია ჩვენ მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. ასევე ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნა ოლივერ ვარჰეიმ გვთხოვა და მოგვიწოდა. იგივე გაიმეორა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც. ამის შემდეგ ვთქვით, გავარკვევთ, რა ხდება სინამდვილეში-თქო. გახსოვთ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს გაიწვიეს უკრაინელებმა, თითქოს შენიშვნებით უკან დაუბრუნდათ. ასევე ვენეციის კომისიის ინფორმაცია იყო და მართალი აღმოჩნდა, რომლის მიხედვით, უკან არაფერი გაუწვევიათ და მომავალ წელს იქნება დასკვნა. მოწოდებებს და მის ავტორებს პატივი ვეცით და კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნეთ. თხოვნა დავამატეთ, რომ მალე გაიცეს სამართლებრივი დასკვნა. ოპონენტები ამბობენ, რომ ვენეციის კომისიისგან ელოდებიან პოლიტიკურ კონტექსტს. ვენეციის კომისიის კომპეტენცია არ ითვალისწინებს არც ერთ პუნქტში, რომ მან პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესახებ გააკეთოს თავისი დასკვნები. ვენეციის კომისია არის ორგანო, რომელსაც საკუთარ კომპეტენციაში აქვს მხოლოდ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების უფლებამოსილება. ჩვენ ველოდებით ამას და თავის უფლებამოსილებას თუ გასცდება, მისი კრიტიკა არ გაგვიჭირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს იქნება სამართლებრივი დასკვნა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მიესალმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები