დავით ზილფიმიანი: ერთადერთი გზა დეპოლარიზაციის მიღწევისთვის იქნება, რომ რაც შეიძლება მალე დავაფიქსიროთ ჩვენ მიერ შესრულებული ყველა მოთხოვნა
სამართლებრივი შეფასებისთვის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” წევრი, დავით ზილფიმიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა ფაქტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება დაასრულებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.
„ერთადერთი გზა დეპოლარიზაციის მიღწევისთვის იქნება სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მალე დავაფიქსიროთ ჩვენ მიერ შესრულებული ყველა მოთხოვნა და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.