რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარეობიდან Yandex- ში – კუდრინმა თანამდებობა დატოვა
ალექსეი კუდრინმა რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
„ჯამურად, სახელმწიფო სექტორში 25 წელი გავატარე. ახლა მინდა, ყურადღება მსხვილ პროექტებზე გავამახვილო, რომლებიც დაკავშირებულია კერძო ინიციატივების განვითარებასთან, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანებზე. ამიტომ, ვტოვებ საანგარიშო პალატის თავმჯდომარის თანამდებობას, რის შესახებაც, დადგენილი წესით, განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წარვუდგინე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
“მედუზას” ინფორმაციით, კუდრინი “იანდექსში” გადადის. როგორც გამოცემა, ასევე , Forbes-ი წერდნენ, რომ Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა კუდრინს კომპანიის აქციების 5% შესთავაზა.
Meduza-ს წყაროების თანახმად, კუდრინმა პუტინს ჯერ კიდევ 15 სექტემბერს, კომპანიაში მის გადასვლასთან დაკავშირებით დათანხმება სთხოვა, თუმცა, კრემლში მსგავსი შეხვედრის ფაქტს უარყოფდნენ.
25 ნოემბერს RBC-მ და The Bell-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კუდრინმა პუტინთან კომპანიაში გადასვლა შეათანხმა. იმავე დღეს Yandex-მა დაადასტურა, რომ აპირებენ კომპანიის დაყოფას რუსულ და საერთაშორისო ბიზნესებად.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 29 ნოემბერს კუდრინი საიდუმლო ვიზიტით სტამბოლში გაემგზავრება, სადაც „იანდექსის“ დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.