ნუგზარ წიკლაური: რა ნაბიჯებიც ლევან ხაბეიშვილმა გადადგა, ჩემში არ ტოვებს განცდას, რომ ის დამოუკიდებელი ფიგურაა
დღემდე, რა ნაბიჯებიც ლევან ხაბეიშვილმა გადადგა, ჩემში არ ტოვებს განცდას, რომ ის არის დამოუკიდებელი ფიგურა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჩნდება განცდა, რომ ხაბეიშვილის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არაფორმალური ცენტრი იღებს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციებს დააფიქსირებს ლევან ხაბეიშვილი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღემდე, რა ნაბიჯებიც მან გადადგა, ჩემში არ ტოვებს განცდას, რომ ის არის დამოუკიდებელი ფიგურა. ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ არასდროს მიიღებდა ამ არჩევნებში მონაწილეობას და ოთხი დღის შემდეგ ჯადოსნურმა ჯოხმა გამოიწვია მისი სასწაულებრივი მეტამორფოზი, უცებ თქვა, რომ „მე უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა“. ამან გამიჩინა განცდა, რომ მის მაგივრად გადაწყვეტილებებს არაფორმალური ცენტრი იღებს, ამ ადამიანს არ ეკითხებიან დააყენოს, თუ არ დააყენოს თავისი კანდიდატურა. ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვა იქნება და მის პოზიციას მოვისმენთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.