“ნატო უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება” – სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას გვერდში იმდენ ხანს დაუდგება, რამდენიც საჭირო იქნება.
ამის შესახებ მან ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს The Washington Post-ი.
მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაცილებით მეტი დახმარება იქნება საჭირო, განსაკუთრებით – რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფონზე.
“ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. უკან არ დავიხევთ. მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას გამოხატავენ და ველით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან არალეტალური დახმარების გაძლიერებაზე”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, “ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა – უკრაინის მხარდაჭერაა”.