რას შეცვლის წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება წამლების გაიაფებას გამოიწვევს. დაგეგმილი რეგულაცია ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მისი თქმით, რეფერენტული ფასები ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების ხარჯებს გარკვეულწილად ამსუბუქებს.

„მთავრობამ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მეორე ეტაპი გამოაცხადა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების რეგულაციასთანაა დაკავშირებული. პირველი ეტაპი თურქეთის ბაზრის გახსნა იყო, რამაც საკმაოდ კარგი ეფექტი იქონია – მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირებულია. ახლა მეორე ეტაპია, რომელიც სისტემური რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და რეფერენტულ ფასებს, ანუ წამლების ფასებზე ზედა ჭერის დადგენას ეხება. ამას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, ეკონომისტების ნაწილი, მათ შორის, ბატონი რომან გოცირიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ ჭერის დადგენა მთელი რიგი კომპანიების მიერ იაფად წამლების შემოტანაზე უარის თქმას გამოიწვევს, რადგან ეს წამგებიანი იქნება და შესაძლოა, მედიკამენტების დეფიციტიც კი შეიქმნას. ზოგადად, უნდა აღვნიშნო: პრინციპი, რომ ეს რეგულაცია თავისუფალ ბაზარს ეწინააღმდეგება, არა მხოლოდ რომან გოცირიძის, არამედ სხვა ეკონომისტების პრობლემაცაა. მე თუ მკითხავთ, ისინი დღემდე ე.წ. თავისუფალი ბაზრის პარადიგმაში არიან გაჭედილები, თუ ჩარჩენილები.
შეგახსენებთ, რომ იგივე 90-იანი წლების დასაწყისში რომან გოცირიძე გამსახურდიას ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებდა, თუ რატომ არ გაუშვა პურზე ფასები. მოგეხსენებათ, მაშინ არც ეროვნული ვალუტა გვქონდა, სახელმწიფო, ფაქტობრივად, თავის დამოუკიდებლობის პირველ თვეებს ითვლიდა. შემდეგ, კუპონიზაციის პერიოდში ფასების გაშვებამ ვნახეთ, რაც მოიტანა, ფასები არათუ კატასტროფულად ავარდა, არამედ პურის დეფიციტიც შეიქმნა. მინდა, გითხრათ, რომ თავისუფალი ბაზრის თეორია არსად მუშაობს. ისეთ საქონელზეც კი, როგორიც ნავთობია. იქაც კი „ოპეკი“ პერიოდულად ფასებზე ზეგავლენას ახდენს ხოლმე, მიწოდებას ან ამცირებს, ან ზრდის. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი ხშირად არა მხოლოდ ბაზარზე, არამედ გარკვეულ რეგულაციებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს: თუ ევროკავშირისკენ მივდივართ, ევროკავშირში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა ამ მეთოდს იყენებს. ეს ყველა წამალს არ ეხება, რეგულაცია მთელ რიგ ჯგუფებზე ვრცელდება. ესაა, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების ჯგუფები, ასევე კიბოს წამლები, რომელიც ძვირია ხოლმე და ხშირად, ადამიანებს ყოველდღიური მოხმარება უწევთ, რაც მათ ხარჯებზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება.
რეფერენტული ფასები გარკვეულწილად ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების ხარჯებს ამსუბუქებს. რადგან სიღარიბის დონეების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი მეთოდია, რითაც სიღარიბე მცირდება, ზუსტად ეგაა – როცა ადამიანებს ხარჯები უმსუბუქდებათ.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმა ზუსტად ეს რეფორმაა. სოციალური რეფორმის ნაწილი ზუსტად იმ პროდუქციაზე ფასწარმოქნის რეგულაციაა, რომელიც, შეიძლება, ყოველდღიური მოხმარების და ყველაზე დიდი ხარჯების მატარებელი იყოს. ასეთი წამლებია. ამ რეფორმის შედეგსაც ვნახავთ. თურქეთის ბაზრის გახსნამ პირველი, საკმაოდ პოზიტიური შედეგი უკვე მოგვცა, ზოგიერთი წამალი 200 %-ითაც კია გაიაფებული“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ტიპის ქვეყნებში ერთადერთი პრობლემა , რაც რეფერენტულ ფასებს უკავშირდება, სავალუტო კურსია.

„გაინტერესებთ, რა რისკები აქვს რეფერენტულ ფასებს? რისკი, როგორც ასეთი, არ არსებობს. რეფენენტული ფასი არის როგორც აქ შემოტანილ წამალზე დადგენილი ფასი, ასევე საიმპორტო ფასიც. რასთან მიმართებით დგინდება ფასი: წამლების ჯგუფებზე სხვადასხვა ქვეყნის შერჩევა ხდება, სხვადასხვა მეთოდი არსებობს.
ერთადერთი პრობლემა, რაც რეფერენტულ ფასებს უკავშირდება, სავალუტო კურსია. ევროკავშირის ქვეყნებზე არ ვსაუბრობ, იქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ზღვრული ჭერის დაწესებით 30-40 %-ითაა შემცირებული ფასები. მაგალითად ყაზახეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ერთადერთი რისკი სავალუტო კურსი იყო. რატომ სავალუტო კურსი: რადგან საქონელი იმპორტირებულია, ძირითადად, მდგენელი უცხოურ ვალუტაშია, სავალუტო კურსის გაიაფებამ შესაძლოა, ფასებზე გარკვეული ზეგავლენა, ანუ ფასების დაწევა გამოიწვიოს. ეს, შეიძლება, ამა თუ იმ კომპანიისთვის, რომელსაც წამლები შემოაქვს, მისი ხარჯებიდან გამომდინარე მომგებიანი არ იყო. მაგრამ, აქაც მეთოდიკა არსებობს, მაგალითად, გადასინჯვის მეთოდიკა. მუდმივად ერთი ზღვარი კი არ იქნება, მაგალითად, როცა ლარი ზემოთ გარკვეულ ცვლილებას დაიწყებს, შეიძლება, ზღვრის დონეც გადაისინჯოს.

ევროკავშირისკენ თუ მივდივართ, რეგულაციებიც ევროკავშირის მოგონილია და რეფერენტული ფასებიც. აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ჩანს, თუნდაც იგივე 12 პუნქტთან დაკავშირებით. ევროკავშირი სიტყვით უნდათ, პრინციპში, კი ყველა იმ მიდგომას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები