საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი – კარლჰაინც კოპფი ეწვია

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს საელჩოს მოწვევით, 20-21 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ავსტრიის პარლამენტის წევრი, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) გენერალური მდივანი – კარლჰაინც კოპფი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ავსტრიის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ბიზნესდელეგაციის ვიზიტის პარალელურად შედგა.

საგარეო უწყების ცნობით, კარლჰაინც კოპფმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან – ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ავსტრიელ პარლამენტარს საქართველოს პარლამენტში ასევე უმასპინძლეს ევროინტეგრაციის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა.
” ქართველ კოლეგებთან შეხვედრებისას კარლჰაინც კოპფმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მისი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს.
შეხვედრებისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, ბოლო წლებში განსაკუთრებულად გააქტიურებულ საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოტენციალს და უცხოური კომპანიებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო პირობებს, რასაც ავსტრიულმა მხარემ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა.
აღსანიშნავია, რომ კარლჰაინც კოპფი, რომელიც საქართველოს გამორჩეული მეგობარი და მხარდამჭერია, 2014 წლის ივლისში, ავსტრიის პარლამენტის მეორე პრეზიდენტის რანგში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კარლჰაინც კოპფი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები