“რუსი სამხედრო დამნაშავეები პასუხს უნდა აგებდნენ” – პოდოლიაკი MH17 საქმეზე ჰააგის სასამართლოს განაჩენზე
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი 2014 წლის 17 ივლისს დონბასში ჩამოგდებული რეისის, MH17-ის საქმეზე ჰააგის სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა.
სასამართლომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან დონბასში ჩატანილი “ბუკიდან” იყო ჩამოგდებული და დამნაშავედ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე ცნო, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა, ასევე, დაღუპულთა ოჯახებისთვის, კომპენსაციის სახით, 16 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
პოდოლიაკის თქმით, “MH17-თან დაკავშირებით ვითარება არის სამაგალითო: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება და იზრდება“.
„აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელები დაერქვას, დამნაშავეებს – დამნაშავეები. რუსი ომის დამნაშავეები უნდა აგონ პასუხი. მოხარულები ვართ, რომ დადგინდა სიმართლე, კანონიერად დაფიქსირდა დამნაშავეები და გამოცხადდა კონკრეტული განაჩენი. ეს მნიშვნელოვანია როგორც დაღუპულთა ოჯახებისთვის, ასევე – რუსეთის წარმომადგენლების სამართლებრივ რეალობაში დაბრუნებისთვის. ახლა აუცილებელია, დამნაშავეებმა აიღონ რეალური პასუხისმგებლობა და ციხეში წავიდნენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე დადგება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.