ჰააგის სასამართლომ МН17-ის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

ჰააგის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე 2014 წლის 17 ივლისს დონბასში “მალაიზიური ავიახაზების” ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავედ ცნო.

კერძოდ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო: იგორ გირკინი (სტრელკოვი) – რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ე.წ. თავდაცვის მინისტრი;

სერგეი დუბინსკი – რუსეთის მოქალაქე; 2014 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი;

ლეონიდ ხარჩენკო – უკრაინის მოქალაქე; 2014 წლის ზაფხულისთვის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.

როგორც BBC წერს, სასამართლომ აღიარა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, “ბუკ”-ის ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, პირადად არცერთ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია.

ბრალდებული, ოლეგ პულატოვი – რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულისთვის რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო – გამართლდა.

სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებული იყო სოფელ პერვომაისკის მახლობლად განლაგებული “ბუკიდან”. ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა და ჩვენება.

დაცვის მხარის მიერ მითითებული ხარვეზები იყო უმნიშვნელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება მიკერძოებულად ჩაითვალოს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებდა “ბუკის” ეკიპაჟი რაკეტის გაშვების დროს, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ბრძანება და როგორ მოხდა მისი გაშვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები