მამუკა მდინარაძე: ოპოზიციასა და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს
“ოპოზიციასა და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ნაწილს არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს ასცდეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საქართველოს წინსვლის შეფერხებას ცდილობს.
“გუშინ მათ, ფაქტობრივად, ღია ეთერებით გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად: საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა – ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე – საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის. ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი და მათი მოკავშირე ენჯეოები გაზაფხულზეც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი წყდებოდა. თუკი ვინმეს შინ და გარეთ აქამდე კიდევ ეპარებოდა ეჭვი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებამ, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დაადასტურა, თუ რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რატომ ცდილობენ ჩაშალონ ომბუდსმენის არჩევის პროცესი. ხელისუფლებას, ფაქტობრივად, საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. ოპოზიციასა და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ნაწილს არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს ასცდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.