“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, საბოტაჟის ფონზე უწევს.
“ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რასაც ისინი არ აღიარებდნენ ვიზელიბერალიზაციის პროცესისას, თუ როგორ დადიოდნენ ბრიუსელში კორიდორებში, რომ არ მოეცათ თავისუფალი რეჟიმი, გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ანახეს ჩვენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ, ფაქტობრივად, ღია ეთერებით გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად: – საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა – ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე – საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის. ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი და მათი მოკავშირე ენჯეოები გაზაფხულზეც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი წყდებოდა. თუკი ვინმეს შინ და გარეთ აქამდე კიდევ ეპარებოდა ეჭვი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებამ, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დაადასტურა, თუ რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რატომ ცდილობენ ჩაშალონ ომბუდსმენის არჩევის პროცესი. ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. ოპოზიციაზე და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ნაწილს არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს აცდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.