პოლონეთის მთავრობამ სამხედრო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნით იყო გამოწვეული, პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება პოლონეთის ტერიტორიაზე დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების შესახებ“, – განაცხადა მიულერმა.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობა სწავლობს, არის თუ არა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი. აღნიშნული მუხლი ამბობს, რომ მხარეები გამართავენ ერთობლივ კონსულტაციებს, როდესაც რომელიმე მხარის აზრით, საფრთხე ემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

ამასთან, მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ინციდენტის შესახებ განცხადებას გამოაქვეყნებს, რომელიც იქნება „მკაფიო და მკაცრი, არსით გასაგები, რათა არანაირი დამახინჯება არ მოხდეს“.

ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები