რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონური მედიის ინფორმაცია და ოფიციალური პირების განცხადებები არის პროვოკაცია შემდგომი ესკალაციის მიზნით.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა „რუსული“ რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.