უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ორგანიზებით, საქართველოს უკრაინელი ბავშვების ჯგუფი სტუმრობს.
პარლამენტის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს არჩილ თალაკვაძე მიესალმა და უკრაინელი კოლეგის მიერ გამოგზავნილ წერილსა და საქართველო-უკრაინას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს პარლამენტში! ეს არის შენობა, სადაც ჩვენ შევიმუშავებთ წესებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა, განათლების უფლება, ჩვენი მოქალაქეების სოციალური უფლებები და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა წარვმართოთ ისე, რომ საქართველო წარმატებული იყოს, როგორც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს. ეს არის შენობა, სადაც ჩვენ მივიღეთ ქალბატონი ლუდმილა მარჩენკოს წერილი, სადაც მან გამოგვიგზავნა თხოვნა, რომ ჩერნიჰივის ოლქიდან ბავშვები საქართველოში ჩამოსულიყვნენ. ზუსტად აქ, ამ შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ძალისხმევით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ თხოვნის შესასრულებლად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
უკრაინელი ბავშვების საქართველოში ვიზიტის სათანადო მხარდაჭერისთვის, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, თქვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის, თქვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაგეხმაროთ, რადგან მიგვაჩნია, რომ მეგობრობა საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიული და ფასეულია და ჩვენი მოვალეობაა ეს მეგობრობა საუკეთესო ნიშნულზე შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ”, – აღნიშნა უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიესალმა.
„იმედია, ეს დღეები თქვენთვის იყო სასიხარულო. საინტერესო ისტორიული საკითხებიც გაიგეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გაიცანით საქართველოს კულტურის ნაწილს, თქვენს თანატოლებთან გქონდათ ურთიერთობის შესაძლებლობა. ასე ყალიბდება მეგობრობა. იმედია, რომ თქვენ საქართველოს დაუბრუნდებით იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი მეგობარი ქვეყანა და მუდამ იქნებით საქართველოს გულშემატკივარი უკრაინიდან. მეგობრობის ნიშანია როდესაც თქვენ საქართველო შეარჩიეთ იმ ქვეყნად სადაც გინდათ რომ თქვენმა ბავშვებმა მიიღონ ის ბავშვური ხალისი, რომელიც ახლა მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელი ბავშვისთვის. ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, როგორც საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტის, არამედ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს, უკრაინის რადას დეპუტატს, ლიუდმილა მარჩენკოს და საქართველოს მთავრობას, ბავშვების ჩამოყვანის და მათი საქართველოში ყოფნის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფებზე, ეს ხშირ შემთხვევაში არის საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება უკრაინის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფს – ეს არის არა მხოლოდ საპარლამენტო დიპლომატია და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, არამედ, ეს არის ადამიანური მეგობრობის ჯგუფი და ვფიქრობ, რომ ეს მეგობრობა, მათ შორის, ადამიანური და პიროვნული ამას ადასტურებს. მინდა ორივეს მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ ეს მშვენიერი ბავშვები დღეს ჩვენ გვეწვივნენ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა.
„საქართველო ყველაფერს ცდილობს, რომ უკრაინისთვის რთული პერიოდი აქ, საქართველოში, უკრაინელ ბავშვებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს. მინდა მივმართო უკრაინელ ბავშვებს და რამდენიმე სიტყვა უთხრა იმ უკრაინელებზე, რომლებსაც, მათ შორის, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი ბაბუების თაობა ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჩვენ როდესაც გვიჭირდა და საქართველოში იყო ომი, ქართველი მებრძოლების მხარდამხარ მაშინაც საერთო მტრის – რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. დღეს უამრავი ქართველია უკრაინაში, რომლებიც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან და ამით გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
უკრაინის რადას დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ლუდმილა მარჩენკომ ქართველ კოლეგებს უკრაინელი ბავშვების საქართველოში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის ნათელი და მკაფიო დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და პარლამენტის საპატიო სტუმრის სერტიფიკატები გადაეცათ. ეს უკრაინელი ბავშვების მეორე ჯგუფია, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.