პრეზიდენტი – ევროინტეგრაციაზე: მიმაჩნია, დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს ეთქვას – კი

ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, მიმაჩნია, დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს ეთქვას კი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას.

„მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს. ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის“.

კითხვაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, თქვენ მიმართავთ მათ, რომ თქვენც გჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა“.

„როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ დღესდღეობით სიმშვიდეა, თუმცა, მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან.

„ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ, ან ქარიშხლამდე. მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების კუთხით (კოვიდის დროს), მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან, რომელიც რეალურად, იურიდიულად არ არსებობს. მათ აგზავნიან ციხეებში და ჩვენ გვიჭირს იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ამ სიტუაციას კარგად ვიცნობთ და როდესაც ვხედავთ რომ ეს მეორდება უკრაინაში, ეს ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა და ამჯერად, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, ეს ძალიან კარგი ამბავია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები