დღეს მურმან ლებანიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 14 ნოემბერს, მურმან ლებანიძეს ასი წელი შეუსრულდებოდა. კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს მურმან ლებანიძის ღვაწლსა და სახელს.
„შეგვეძლო გვეთქვა, რომ შეუსრულდა, რადგან ამ რანგის პოეტები სამშობლოს არასოდეს ტოვებენ.
„დარჩება საქართველოს ლექსები – ოციოდე, ათიოდ გირვანქა – ძვლები გალოკილი“… – ეს უთუოდ თავმდაბლური ნათქვამია, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, განა ოცი უკვდავი ლექსი ცოტაა?! მთავარი კი ის არის, რომ ქართველი მკითხველი გაცილებით მეტს დაითვლის.
მურმან ლებანიძის ლექსები იციან, ახსოვთ, უყვართ, მღერიან…
საქართველოს თავისი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის საზოგადო ღვაწლიც მუდამ ეხსომება.
მურმან ლებანიძე რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემის სულის ჩამდგმელი, დიდ საქვეყნო საქმეთა აქტიური მონაწილე და სამშობლოს გულმხურვალე ქომაგი იყო და ასეთად დარჩება იგი ქართველი ერის მარადიულ მეხსიერებაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი პოეტის ოჯახთან შეთანხმებით, მომავალი წლის დასაწყისში მურმან ლებანიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.