„თბილისის ბაროკო ფესტივალი“, საინტერესო პროგრამით, გრძელდება
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, ძალიან ემოციური კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ გაიმართა, რომელიც ფესტივალზე უკვე ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა მუქერიამ აცნობა, ამ საღამოს შუა საუკუნეების პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საეკლესიო მუსიკით წარდგა მომღერალთა ანსამბლი – “Organum” (საფრანგეთი) და შუა საუკუნეების მისტიკური ჰანგებით ნამდვილად მოაჯადოვეს ფესტივალის მსმენელები.
„კონცერტს მუსიკის მოყვარულებთან ერთად ესწრებოდნენ „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში. კონცერტის დასაწყისში ფრანგ მუსიკოსებს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მომართა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, ქალბატონმა კამილ ნორამ.
მეორე განყოფილებაში კი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ ქართულ საეკლესიო და ფოლკლორულ ნიმუშებით წარდგა მსმენელების წინაშე. ანსამბლ „რუსთავის“ დიდებულმა შესრულებამ და ქართულმა ჰანგებმა ფესტივალის ფრანგი სტუმრები მეტად მოხიბლა და ისინი დაინტერესდნენ ქართული კულტურით, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილად შედგა ევროპულ და ქართულ კულტურათა შორის დიალოგი და ორი წარმატებული ანსამბლის მეტად საინტერესო კოლაბორაცია.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება და 13 ნოემბერს გაიმართა კონცერტი – „ბახი და მისი რჩეულები“, სადაც იოჰან სებასტიან ბახისა და მისი რჩეული კომპოზიტორების: მარჩელოს, ვივალდისა და ზელენკას მუსიკა შესრულდა.
კონცერტში, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მონაწილეობდნენ: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია), ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი(ესპანეთი) და გიორგი კუზანაშვილი, თეორბო (საქართველო / გერმანია)
ასევე მნიშვნელოვანი კონცერტია დაგეგმილი 15 ნოემბერს, სადაც ქართველი მსმენელებისთვის უცნობი ბრაზიულიური ბაროკო და მასთან ერთად ზელენკას უნიკალური მუსიკა აჟღერდება.
ამ საღამოს მონაწილეები არიან: „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორი – ზვიად ბოლქვაძე“, – განაცხადა თეა მუქერიამ.
რიგით მე-8 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოსკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა, საქართველოსფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოსმხარდაჭერით ტარდება.