მიხეილ ხიდურელი: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიპლომატიური კორპუსი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წყაროა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ მათთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თემატური შეხვედრა ეკონომიკური დიპლომატიის შემდგომი გააქტიურების მიზნით შემუშავებული ახალი ინიციატივის – საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით შედგა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

მიხეილ ხიდურელმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის უახლესი მოვლენები, მიმდინარე რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების კუთხით და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით არსებული შესაძლებლობები გააცნო. მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ბოლო პერიოდში არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდა. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო დიპლომატიური წარმომადგენლების სრული ციკლით დატრენინგება ინვესტიციების მიმართულებით, რომელიც EBRD-ის დახმარებით განხორციელდა.

„ზოგადად ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიპლომატიური კორპუსი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არხი და წყარო, რომლის გარეშეც შეუძლებელია ექსპორტზე და ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, შევხვდეთ უცხო ქვეყნების საელჩოების ეკონომიკურ თემებზე მომუშავე დესპანებს, გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, ჩვენი საინვესტიციო პროექტები, შეთავაზებები და შემდეგში, როცა საქართველოში მათი ქვეყნებიდან ინვესტორები ჩამოვლენ, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და შეძლონ ჩვენთან დაკავშირება”, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები