„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, რომელიც არ ემსახურება სოფელ მუშევანის  განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებზე დაყრდნობით  ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის, აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც  სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული დასტურდება გზშ-ს საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეოგადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეოგადაღება  ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოვუწოდებთ მათ, გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.

„გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.

ჩვენ ასევე წლებია, ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება, ნებართვის არგაცემის საფუძველი გამხდარიყო.

გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას და  უკვე  გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს  და მომავალშიც აუცილებლად იგრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვევაში, მედიას და არასამთავრობო სექტორს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მუშევანის პროექტის სანებართვო პირობებთან დაკავშირებით. ასევე, იმ მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, რომლებიც სოფელ მუშევანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია „არემჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები