იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპრექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეეხება კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ქვემდებარეობის გაფართოებაა, თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას და თუ ეს მუხლები გამოვლენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. ცვლილებების თანახმად, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.
კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა თანამშრომლისთვის, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას. საკანონმდებლო პაკეტის ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასაც, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსები კომიტეტს, მათ შორის, წარუდგენენ: ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ასევე, მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ ორი სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი.

„სამუშაო ჯგუფმა იმუშავა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ინკლუზიურად, ფართო ჩართულობით და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოდგენილი ყოფილიყო ამ ჯგუფში. სამუშაო ჯგუფმა შესაბამისი შედეგებით დაასრულა საკითხზე მუშაობა და შესაბამისად, ეს ცვლილებები დაინიცირდა”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები