საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში აქვს შეხვედრები და პარტნიორებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.
დეპუტატის თქმით, დეკემბრისთვის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული იქნება.
„რეკომენდაციების გამოქვეყნებისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ეს იქნება გახსნილი პროცესი, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და განვაცხადეთ, რომ ვიქნებოდით ძალიან აქტიურები რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ჩამოვაყალიბეთ გეგმა კონკრეტული თარიღებით და ამ თარიღებს მივყვებით. ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, ჩამორჩენა არ გვაქვს და დეკემბრისთვის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა რეკომენდაციების შესრულებული იქნება. თუ რამე ნაწილი არ იქნება შესრულებული, ეს იქნება ისინი, რაზეც ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას და სახალხო დამცველის არჩევასთან მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესი. ხელისუფლებას აქვს ძალიან მკაფიო გეგმა და ამ გეგმას 12 რეკომენდაციასთან მიმართებით ასრულებს. საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილში შეხვედრები გვაქვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში და ვაწვდით პარტნიორებს ინფორმაციას, თუ რა პროცესი მიმდინარეობს და რას ვაკეთებთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ვსაუბრობთ ასევე ყველგან იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ადრე გატარებული და რომლითაც საქართველო არის ნამდვილად არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.