სოფლად ციფრული სერვისების დანერგვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს უფრო გააძლიერებს, რაც დაავადებების პრევენციის წინაპირობაა – ინტერვიუ ლადო შელიასთან
პირველადი ჯანდაცვა ის მიმართულებაა, რომლის განვითარების გარეშე ჯანდაცვაში საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნების მიღწევა რთულია. ეს არის პაციენტის პირველი საკონტაქტო რგოლი სამედიცინო სფეროსთან. სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმი ახდენს პირველად შეფასებას, დიაგნოსტირებას და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ამისამართებს პაციენტს ექიმ-სპეციალისტთან. ამ რგოლის განვითარება ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებაა. რა პროექტები ხორციელდება ამ მიზნით სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში – ამ თემაზე გვესაუბრება ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლადო შელია:
რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის პირველადი ჯანდაცვის რგოლს?
ჯანდაცვის სპეციალისტებში არსებობს სათანადო კვლევებით გამყარებული მოსაზრება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის მოდელი ძლიერი და განვითარებულია, მაღალია მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, შესაბამისად, მაღალია კმაყოფილება.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანი ფუნქციონირება ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამცირებს დაავადებების რიცხოვნობას და ამცირებს ხარჯებს როგორც ეროვნული ჯანდაცვისას, ასევე, თითოეული მოქალაქისას, რადგან ცნობილია, რომ ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში უფრო იოლია დაავადების გართულების თავიდან არიდება, მარტივია მისი ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პათოლოგიის მართვა.
იმისთვის, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად ფუნქციონირებდეს, მნიშვნელოვანია როგორც სათანადო სპეციალისტების არსებობა, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. მომსახურების მაღალი ხარისხი და საკვანძო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას განაპირობებს, სწორედ ამ კომპლექსური ნაბიჯებით მიიღწევა.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულობას, ვიტყოდი, რომ მოსახლეობის ქცევაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. პაციენტების უმრავლესობა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს ნაკლებად მიმართავს პრევენციის მიზნით, უპირატესობას ჰოსპიტალურ მომსახურებას ანიჭებს, ანუ მხოლოდ დაავადების გამწვავების დროს მიმართავენ სამედიცინო სერვისს. შესაბამისად, გამართული პირველადი ჯანდაცვა პრევენციის კულტურის დანერგვასაც უწყობს ხელს.
რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს ამ კუთხით და როგორია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაში სამედიცინო ჰოლდინგის როლი?
საქართველოში სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ნაბიჯები ჯერ კიდევ წლების წინ გადაიდგა. სწორედ პირველადი ჯანდაცვის სექტორისა და სოფლის ექიმის როლის გაძლიერების მიზნით, დაიგეგმა სახელმწიფოს მიერ განახლებული ქსელის მოწყობა. ამ მიზნების მისაღწევად აშენდა სოფლის ამბულატორიები, დაინერგა სოფლის ექიმის პროგრამა და დაფუძნდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ამჟამად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაშია და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე სამედიცინო დაწესებულებით უზრუნველყოფს.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების გამართულობა, რადგან სწორედ იქ არსებული სერვისები და იქ დასაქმებული პერსონალი არის სამედიცინო სერვისების პირველი მიმწოდებელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. თუ ადამიანი დიდი ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს ცხოვრობს, აუცილებელ და ელემენტარულ სამედიცინო სერვისზე ხელი მარტივად უნდა მიუწვდებოდეს და არ სჭირდებოდეს ამისთვის რამდენიმესაათიანი მგზავრობა.
ჩვენი ამოცანაა, მუდმივად ვიზრუნოთ სერვისების განვითარებაზე რეგიონებში, რაც გულისხმობს როგორც პერსონალის გადამზადებას, ასევე, კლინიკებსა და ამბულატორიებში ახალი სერვისების დამატებას. მაგალითად, სულ რამდენიმე თვეა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამოქმედდა ამბულატორია და ლაბორატორია, მუშაობს დიალიზის კაბინეტი, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს რეგიონში ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტებისთვის.
დიალიზის კაბინეტების გახსნა შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო ცენტრებშიც დაიწყო. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე რეგიონი შეემატება იმ მუნიციპალიტეტების სიას, სადაც ჰემოდიალიზის სერვისი ავამოქმედეთ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოსთვის, რადგან მაღალმთიან რეგიონებში ამ სერვისის არარსებობა ადამიანებს აიძულებდა – ან საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ ან საერთოდ უარი ეთქვათ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცედურაზე, რაც, ბუნებრივია, სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.
ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სოფლად სამედიცინო სერვისების ნაკლებობაა. ამ საკითხის გადაჭრაში რა როლი აქვთ სოფლის ექიმებს?
პირველადი ჯანდაცვის სერვისების მნიშვნელოვან მოცულობას ქვეყნის მასშტაბით აწვდიან სოფლის ექიმები. მათი საქმიანობა ითვალისწინებს როგორც ბინაზე ვიზიტს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, ამბულატორიაში საქმიანობას. ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვაქვს 1000-ზე მეტი ამბულატორია, სადაც დასაქმებულია, ჯამურად, სამი ათასამდე, სოფლის ექიმი და ექთანი. სოფლის ექიმის რგოლის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჯანდაცვაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება ჰქვია. ამ მიზნების მიღწევას უფრო აიოლებს თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სერვისები, რომლის დანერგვაც ამბულატორიებში უკვე დავიწყეთ. სხვათა შორის, ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და სოფლის ექიმის პროგრამის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან – თამარ გაბუნიასთან ერთად გასულ თვეში სტოკჰოლმში ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმის გახსნასაც დაესწრნენ. სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმებისთვის ამ ღონისძიებაზე ჩვენმა გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორისგან მადლობაც დაიმსახურა.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჩვენს მოსახლეობაში ხშირია, კარდიოლოგები და კარდიოქირურგები ამბობენ, რომ შორსწასული დაავადებების შემთხვევები, ძირითადად, რეგიონებში გვხვდება და თითქმის აღარ არის მსგავსი პრაქტიკა ქალაქებში, ამის მიზეზი კი პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი განვითარებაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა ნაბიჯებს დგამთ?
რეგიონებში პროფილაქტიკურ-სადიაგნოსტიკო კვლევებზე მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით დაინერგა ციფრული სერვისები პირველად ჯანდაცვაში. ეს არის ტელემედიცინა, რომელიც სიახლეა ჩვენი სოფლის ამბულატორიებში. ტელემედიცინა პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, დისტანციურად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ამ პროექტს მოაქვს დიდი სარგებლობა ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომის კუთხით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად ან ძნელად მისადგომ ადგილებში, მომსახურებას უფრო იოლად იღებენ ისინი, ვისაც არ აქვს ტრანსპორტი ან – დრო გადაადგილებისთვის, აიოლებს წვდომას გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებთან, აუმჯობესებს კომუნიკაციას ექიმსა და პაციენტს შორის და ა.შ. ტელემედიცინის პორტატულ აპარატს აქვს საშუალება, სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტაროს დიაგნოსტიკა პაციენტს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სოფლის 50-მდე ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინით. პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: ამბულატორიაში მისულ პაციენტს ხვდება სოფლის ექიმი, რომელიც მას ამზადებს გამოკვლევისთვის, დისტანციურად პროცესს წარმართავს კარდიოლოგი რესპუბლიკური საავადმყოფოდან; კვლევის შემდეგ პაციენტი ასევე დისტანციურად, კარდიოლოგისგან იღებს კონსულტაციას და დანიშნულებას.
ტელემედიცინის აპარატი საშუალებას იძლევა, ჩატარდეს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; ამ ეტაპზე, ჩვენს ამბულატორიებში ამოქმედებულია კარდიოლოგიური მიმართულება. ტელემედიცინის ინიციატივის განხორციელებაში გვეხმარება ევროკავშირი გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაერო-ს მოსახლეობის ფონდსა და გაერო-ს პროექტების ოფისთან ერთად. მოგვიანებით, ტელემედიცინის აპარატით დამატებით კიდევ 50 ამბულატორიის აღჭურვაა დაგეგმილი.