ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშზე: გვეუბნებიან, ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები მოვახდინოთო
გვეუბნებიან: „ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მხრიდან საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვას, სადაც განაცხადეს, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ერთადერთ ადამიანს თვლიან ოლიგარქად და სხვა არის თუ არა ოლიგარქი, არ აინტერესებთ.
„პირდაპირაა ნათქვამი, ანუ გეუბნებიან: ჩვენ ერთადერთ ადამიანს ვთვლით ოლიგარქად, სხვა არის თუ არა ოლიგარქი, არც კი გვაინტერესებს, არც კი განვიხილავთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ არის ერთადერთი, ამის დამამტკიცებლად, რა თქმა უნდა, არანაირი კანონი არ მოგვაქვს, რა თქმა უნდა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არა გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ მოვახდინოთ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.