„ილიაობა 2022“ ყვარლისა და საგურამოს მუზეუმებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
8 ნოემბერს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წლის იუბილე აღინიშნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმსა და საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში არაერთი ღონისძიება გაიმართა. კერძოდ: ყვარლის მუზეუმში ჩატარდა წმინდა ილია მართლის პარაკლისი, გაიხსნა მწერლის ბიუსტი, ყვარლისა და ტუკუმის (ლატვია) მუნიციპალიტეტის მერებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების მემორანდუმს.
სტუმრებისთვის თათარობისა და კახური პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდა. ილიას ტბის მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა, საბავშვო, სამეწარმეო, კულინარიული და ახალგაზრდული სივრცეები, სადაც გაიმართა ღვინის, საკვების, ხელნაკეთი ნივთებისა თუ აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. დღესასწაული „ღამის შოუს“ ბენდმა და საზეიმო ფეიერვერკმა დაასრულა.
ყვარელში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი დაესწრნენ.
„ილიაობა“ საგულისხმოდ აღინიშნა საგურამოს მუზეუმშიც. ტრადიციულად, წელს მეოცედ გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ მიერ დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“- ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
წლევანდელი პრემია „საგურამოს“ მფლობელები გახდნენ: ჯემალ ინჯია (პოეზია), ზურაბ ლავრელაშვილი (პროზა), ნოდარ გურაბანიძე (კრიტიკა), ელზა ახვლედიანი (თარგმანი), ლევან ჭოღოშვილი (ხელოვნება), ლადო მინაშვილი (ჰუმანიტარული მეცნიერება), სალომე კაპანაძე (საბავშვო მწერლობა). მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის პოეტ დავით მაღრაძეს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ „ქართულმა ხმებმა“ წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“.
საგურამოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამორჩეული მამულიშვილის დაბადების 185-ე წლისთავი მთელი წლის მანძილზე არაერთი პროექტით აღინიშნება. სწორედ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად წარმოდგენილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „განდეგილი“, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და მისი პრემიერა თელავის, გორის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში გაიმართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.