რატი ბრეგაძე: ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია

“ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სახელმწიფოსგან ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით, ცენტრ “ემპათიის” დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, როდესაც ეს დასკვნა იარსებებს, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხარეებს შეუძლიათ, რომ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად მიმართონ, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს და შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა – იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სამინისტრომ. მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს ყველა პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები