უკრაინაში დაღუპული გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს. 40 წლის მებრძოლის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, გურგენ გაგნიძე, 29 ოქტომბერს დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი „ვაგნერელების“ ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც ცნობილია, გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.
მას ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
რუსეთ-უკრაინის ომს უკვე 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს ჯერ კიევში გადაასვენებენ, 6 ნოემბერს კი – სამშობლოში.