მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილის მაგივრად შეწყალებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები

“მე პრეზიდენტის მაგივრად შეწყალებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები, მაგრამ ეს არავის საქმე არ არის“, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა გვარამიას, ეს თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმხელა სპეკულაციებია გვარამიას საქმის ირგვლივ, რომ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მარტივად შეგვიძლია განვიხილოთ ამბავი. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი დაკავებულია მანქანით სარგებლობის გამო. მნიშვნელობა რას აქვს?! უდანაშაულოა თუ დამნაშავეა, ჯერ ხომ ამაზე უნდა ვისაუბროთ. მე რომ მქონდეს ტელევიზია, თქვენ მოგცეთ სარეკლამო დრო და წამოვიყვანო პირობითად, 80 000 დოლარის ღირებულების მანქანა და ეს საფასური, ავტომანქანა სამსახურში კი არ მივიტანო და ბალანსზე ავიყვანო, არამედ ჩემი მეგობრის კომპანიაზე გადავაფორმო, დანაშაულია თუ არა?! 7 მილიონსაც რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს დანაშაულია თუ არა. აქ ავტომანქანით სარგებლობა რა შუაშია?! წარმოიდგინეთ რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე, რომ ახლა ამბობენ სამსახურის მანქანით სარგებლობის გამო არის დაკავებულიო. სინამდვილეში დაკავებულია იმიტომ, რომ მიისაკუთრეს ავტომანქანა და დააზიანეს კომპანია. მეორე საქმეზეც, რომელიც 7 მილიონზე მეტს ეხება, სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა საპატიმრო სასჯელი. ამაზეც არ უნდა მიესაჯოს? რატომ? ვიღაცამ პასუხი გასცეს. როცა 10 ათასების ან ათასების გულისთვის ციხეში სხედან… ის მოსაზრებაც გაჩნდა, რომ როგორ, გიგი უგულავა 48 მილიონისთვის გარეთ არისო. კი, აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, მაგრამ მისი უფლებამოსილების ფარგლებშია ეს გადაწყვეტილება და ახლა აბულინგებენ, რომ იგივე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს თავმოყვარეობის გამო. მე პრეზიდენტის მაგივრად შეწყალებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები, მაგრამ ეს არავის საქმე არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები