გია ხუხაშვილი: ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, მათ ვიღაც ხონჩით მოართმევს ძალაუფლებას, ასე არ იქნება ბატონებო – თქვენც პრობლემები გაქვთ
ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ ბიძინას სანქციებს დაუწესებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ვიღაც ხონჩით მოართმევს ძალაუფლებას, ასე არ იქნება ბატონებო. ბიძინას პრობლემები არ ნიშნავს, რომ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, თუმცა ასევე არალეგიტიმურია ოპოზიციაც.
„ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ელიტა ასე დალაგდება თუ ისე, ეს კი არ იგებს არჩევნებს, ხალხის მხარდაჭერა, ხალხის ხმა იგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ელექტორალური ბაზისი გაზარდოს ყველა პარტიამ თუ გაერთიანებამ, ეს არის მნიშვნელოვანი თორემ ერთკაციანი პარტიები როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, თუ სინერგია არ გაჩნდა, თუ ამომრჩეველი არ მოიზიდეს, მაშინ ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ თამაშებია და მეტი არაფერი. ნული ასზე რომ გაამრავლო მაინც ნული დაჯდება, რა მნიშვნელობა აქვს, არითმეტიკა ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ. მთავარია ელექტორალურ ბაზას ზრდიდნენ. ცალ-ცალკე პარტიები და გაერთიანებებიც იმ ნიშნით უნდა შედგებოდეს, რომ ეს გაერთიანება აჩენდეს გარკვეულ სინერგიას და იზიდავდეს ამომრჩეველს. დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ასევე არალეგიტიმური ოპოზიცია გვყავს. რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ხელისუფლება და ოპოზიცია ყველა ერთად აღმოჩნდა ხელისუფლებაში, თქვენ იცით, რომ ჯამურადაც კი არ არიან ლეგიტიმურები?
მაღალ მატერიებზე კი არ უნდა ილაპარაკონ და ხელისუფლება ცუდიაო, გავიგეთ ბატონო, რომ ხელისუფლება ცუდია, შენ ვინ ხარ, ის გვითხარი. ეკითხებიან და ესენი დუმილით პასუხობენ. ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ ბიძინას სანქციებს დაუწესებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ვიღაც ხონჩით მოართმევს ძალაუფლებას, ასე არ იქნება ბატონებო. ბიძინას პრობლემები არ ნიშნავს, რომ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, თქვენც პრობლემები გაქვთ, სხვა ტიპის, მაგრამ მაინც პრობლემები“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.