საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. ასევე, დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ. სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში დანიშვნა.
კანონპროექტით, მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დიპლომატიურ თანამდებობის პირს, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით გაუგრძელოს.
ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის, მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილება ეხება დიპლომატიური რანგისთვის შესაბამისი რანგის დანამატის გაცემის ვალდებულებას.
დღესვე სხდომაზე, საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელსაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებში ასახული მოთხოვნები კანონმდებლობით დარეგულირებულია.
რაც შეეხება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, მოქმედ კანონებს უნდა დაემატოს შესაბამისი მუხლები, რომლებიც მიზნად ისახავს დიპლომატიური სამსახურის და საკონსულო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით შშმ პირთათვის, (როგორც თანამშრომლებისა და პარტნიორი ორგანიზაციის
წარმომადგენლებისთვის, ასევე, საკონსულო მომსახურების მიზნით საკონსულო სამსახურში ვიზიტით მყოფ პირთათვის), უფლებების რეალიზაციის დამატებითი გარანტიების შექმნას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, უკვე მიღებულია შშმ. პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც ეროვნულ დონეზე შშმ. პირთა უფლებრივ გარანტიებს აწესრიგებს. „ამ კანონის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა შშმ პირთა მისაწვდომი გარემოსა თუ მათი უფლებების რეალიზაციის ნაწილში სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, არსებობს ხარვეზები თუმცა, მუშაობა დაწყებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ცალკე იყოს გამოყოფილი რაიმე ტიპის ვალდებულებები სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიმართ. მთლიანად სისტემას აქვს აღებული ამ ვალდებულების შესრულება რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
რაც შეეხება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადებას, ცვლილება ეხება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთების ხელახალ განსაზღვრას მათ შორის, შემოთავაზებულია სხვადასხვა საკონსულო მომსახურებაზე სხვადასხვა ტარიფების დაწესება.
კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე, სამუშაო რეჟიმში სიღრმისეული განხილვა გაგრძელდება.