იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროექტით კანონის ახალ სათაურად შემოთავაზებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დამოუკიდებლად.

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებული იქნება შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

კანონპროექტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

კანონპროექტის ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები