კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილს ბინა აჩუქა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მებაღეს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დღეს შადრევნიდან მოზარდები ამოიყვანა და გადაარჩინა, ბინა აჩუქა.
აღნიშნულის შესახებ მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.
წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.
მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.
ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც”,- წერს მეზურნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს, დიდი საფრთხის მიუხედავად, შადრევანში ჩავიდა და ორი მოზარდი გადაარჩინა.